არასამთავრობო ორგანიზაციამ „პროგრესის ცენტრმა“, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით და პარტია „ხალხისთვის“ მხარდაჭერით გამართა ფორუმი – „სოციალური დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: მინიმალური ხელფასი“. ფორუმის ძირითადი თემები იყო „მშრომელთა უფლებები და მინიმალური ხელფასი“ და „მინიმალური ხელფასის გაზრდა – ბრძოლის პოლიტიკური ასპექტები“.
„დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს განვიხილოთ ისეთი საკითხი, რომელიც მინიმალური ხელფასის შემოტანა საქართველოში. ეს საკითხი ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკიდან მომდინარეობს. მათ აქვთ უკვე გამოცდილება და საკანონმდებლო დონეზე აქვთ დარეგულირებული მინიმალური ხელფასის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა მინიმალური ხელფასის შემოტანას საქართველოში. ერთადერთი ფაქტორი სიღატაკის შემცირების შეიძლება გახდეს მინიმალური ხელფასის შემოტანა და მთავრობის მიერ მისი დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე,“ – აცხადებს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეთ.
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, ჩვენ მინიმალური ხელფასი უნდა ავწიოთ ისე, რომ ეს იყოს გონივრულ მაჩვენებელზე, მაგრამ პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ სხვადასხვა სექტორებთან.
„არასაკმარისი ანაზღაურება, განსაკუთრებით მწვავედ გაზრდილი ფასების ფონზე, არის უსერიოზულესი სოციალური პრობლემა საქართველოში, რომელსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია დავიწყოთ დისკუსია მინიმალური ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ის მინიმალური ზღვარი, რომელსაც დამსაქმებელი უხდის დასაქმებულს. თავიდან ბოლომდე ეს არის ევროპული და ამერიკული პრაქტიკა. ჩვენ ვმსჯელობთ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, კერძო სექტორებთან, პროფკავშირებთან იმაზე, რომ ერთად წავიყვანოთ პოლიტიკური პროცესი ისე, რომ დავადგინოთ ნორმალური და ღირსეული ანაზღაურება სახელმწიფოში. უცხოეთის გამოცდილებით, მაგალითად, გერმანიის, აპრიორი სწორია კონსულტაციები სხვადასხვა სექტორებთან და მათთან ერთად ყველაზე ნორმალური ათვლის წერტილის დადგენა. ჩვენ მინიმალური ხელფასი უნდა ავწიოთ ისე, რომ ეს იყოს გონივრულ მაჩვენებელზე, მაგრამ პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ სხვადასხვა სექტორებთან,“ – განაცხადა მან.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილის მოსაზრებით, მინიმალური ხელფასის დადგენისას, უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
„ნამდვილად მიუღებელია მინიმალური ხელფასი ქვეყანაში იყოს 20 ლარი. ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ოქროს შუალედი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის იმისათვის, რომ ორივე პოზიციის მხარე იყოს თანაბრად დაცული და არც ერთმა მხარემ არ იგრძნოს თავი დაჩაგრულად. აქ ამისთვის ვართ შეკრებილები, რომ დავაბალანსოთ როგორც დამსაქმებლის, ასევე განვსაზღვროთ დასაქმებულის პრიორიტეტები. საჭიროა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და მსჯელობაში წავალთ სიახლისკენ,“- აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.
როგორც „პროგრესის ცენტრის“ პროექტის – „მინიმალური ხელფასი საქართველოში“ კოორდინატორმა მარიამ კუსიანმა აღნიშნა, ფორუმის მიზანია, საკითხით დაინტერესებულ პირებთან აქტიური კომუნიკაციით შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მინიმალური ხელფასის პოლიტიკის ცვლილებაზე იმუშავებს.
„როგორც ცნობილია, საქართველოში დღემდე მოქმედებს 1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 20 ლარია, რაც ხშირად დასაქმებულს ართმევს შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლებას და უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. ფორუმის მიზანია, საკითხით დაინტერესებულ პირებთან აქტიური კომუნიკაციით შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მინიმალური ხელფასის პოლიტიკის ცვლილებაზე იმუშავებს,“ – განაცხადა მარიამ კუსიანმა.
ფორუმს – „სოციალური დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: მინიმალური ხელფასი“ ასევე ესწრებოდნენ: ირინა სეფერთელაძე -ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტების მენეჯერი, ირაკლი პეტრიაშვილი – „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ – თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე – დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე, ალექსანდრე რატიშვილი – პარტია „ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი, ბექა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ლევან გოგიჩაიშვილი – იურისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ა.შ.